სასწავლო პროექტის გეგმა:
1. პროექტის სახელი: "ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი"
2.მთავარი იდეა(თემა): არაქართველი ბავშვების (აზერბაიჯანელების) მოტივაციის გაზრდა ქართული ენის შესწავლისადმი, მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
3. პროექტის მიზნები: აზერბაიჯანელი და ქართველი ბავშვების დამეგობრების გზით ერთმანეთის კულტურის, ტრადიციების , ცხოვრებაში დამკვიდრებული წესების გაცნობა, ერთმანეთისადმი პატივისცემისა და ურთიერთგაგების დამკვიდრება. ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის უკეთ დაუფლება.
4. პროექტის მონაწილეთა ასაკი: 12-14 წელი (VII-VIII-IXკლასები) აზერბაიჯანული და ქართული სკოლის მოსწავლეები.
5.. პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ენაში, შექმნიან ღონისძიების ამსახველი მასალების ფოტოსტენდებს. უკეთ გაიცნობენ ერთმანეთის ტრადიციებსა და კულტურას. ჩამოუყალიბდებათ ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის უნარ-ჩვევები, რაც საბოლოო ჯამში მათი ინტეგრაციისა და კეთილგანწყობილი საზოგადოების დამკვიდრების საფუძველია.
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, ფორმატის ქაღალდი, ფოტოსურათები, ქართული და აზერბაიჯანული ეროვნული ტანსაცმელი, ქორწილის რეკვიზიტები, ქართული ფილმი "ქეთო და კოტე".
8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია ქართული ქორწილის ტრადიციების შესახებ. ქართული სკოლის მოსწავლეებს კი აზერბაიჯანელი ხალხის ქორწილის ტრადიციების შესახებ. როდესაც ინფორმაციები მზად ექნებათ მოვაწყობთ შეხვედრას და ისინი გააკეთებენ პრეზენტაციებს, ერთმანეთს გააცნობენ მოძიებულ მასალებს. ისაუბრებენ რა საერთო და განსხვავებულია მათ ტრადიციებში, რა მოსწონთ და რა არა, რა შეიცვალა და რა დარჩა. ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეები შემდეგი კვირისათვის დაგეგმავენ ქორწილის ინსცენირებას. ქართული ენის მასწავლებლების დახმარებით დაინაწილებენ როლებს: მოამზადებენ დიალოგებს, დაისწავლიან ახალ სიტყვებს ნეფე-დედოფლის, მოწმეების, მაყრები, მაჭანკალი და ა.შ. მუსიკის მასწავლებლის დახმარებით მოამზადებენ შესაბამის მუსიკას, ცეკვის მასწავლებელი კი დაეხმარება ცეკვის ილეთების დასწავლაში. როდესაც ბავშვებს ყველაფერი მზად ექნებათ სკოლის სააქტო დარბაზში მოაწყობენ ქორწილის ინსცენირებას. დასრულების შემდეგ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ბავშვებს უჩვენებს ქართულ ფილმს "ქეთო და კოტე". ფილმის ყურების შემდეგ ბავშვები ისაუბრებენ მათ მიერ მოძიებული მასალების ფილმთან შესაბამისობასთან და საერთოდ თავიანთ შთაბეჭდილებებზე პროექტის შესახებ: რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროექტში, რა მოეწონათ და რა არა, რას დაგეგმავენ მომავალში ურთიერთობის გასამყარებლად. ბავშვები ღონისძიებების ამსახველი მასალებით დაამზადებენ კედლის გაზეთებს.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება , მუსიკა, ცეკვა.
10. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): რიტა მინესაშვილი
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ritaminesashvili@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ritaminesashvili.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий